ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდებზე. მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხიდაშელს ხელშეკრულება ყოფილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ შეუწყდა.
“მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება”, – თავდაცვის სამინისტროს განცხადება.
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი 2019 წლის სექტემბერში გახდა. მისი გაპრემიერების შემდეგ, 2021 წლის 22 თებერვლიდან, ამ თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე იკავებდა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ მინისტრი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება მისი მრჩეველიც. როგორც ჩანს ხიდაშელის დანიშვნის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში ორივე ყოფილმა მინისტრმა მიიღო.
დავით ხიდაშელი ბიძინა ივანიშვლთან და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან ვლადიმერ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირია. ის კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე და ფიგურანტია. ერთ–ერთ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის „ვალი მიჰყვება”. ბოლო დროს მისი სახელი ასევე რაჭის ტყეების სკანდალს უკავშირდებოდა. მას რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ჰქონდა გადაცემული, თუმცა მოგვიანებით ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლიცენზია ჩამოერთვა.