ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობა 1 ივლისიდან უქმდება. მათ ვისაც ამ დრომდე ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები აქვთ, იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს. თუ მოქალაქეები დოკუმენტებს არ განაახლებენ, ვერ შეძლებენ არათუ არჩევნებზე ხმის მიცემას, არამედ საბანკო მომსახურებებით სარგებლობას, მათ შორის ვერ აიღებენ პენსიას.
პირადობის მოწმობის აღება უფასო მხოლოდ მათთვის იქნება, ვინც ამ დრომდე ფლობს ე.წ. ქაღალდის დოკუმენტს. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ასეთი დაახლოებით 230 ათასი ადამიანი იყო.
საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა. განახლებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. პარლამენტმა კანონმდებლობა სწორედ ამ მიზეზით შეცვალა და ლამინირებული პირადობის მოწმობის გაუქმება გადაწყვიტა.