არასამთავრბო სექტორის ნაწილი ხელისუფლებისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას ითხოვს. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ფარგლებში „ვეტინგის“ სისტემის ამოქმედების აუცილებლობას ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ორგანიზაციის წევრებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მიენიჭოთ.
მანამდე ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის – ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელეს. მათი თქმით, ხელისუფლება “სასამართლოს კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს”.
განცხადებაში საუბარია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშზე, რომლის თანახმადაც საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას.
არასამთავრობო სექტორის მსგავსად, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელება საჭიროა, რადგან ამას ევროკომისიის რეკომენდაციები მოიცავს. ხოლო მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ ვეტინგის სისტემა საქართველოში ვერ იმუშავებს.
ვეტინგის სისტემა მიუღებელია უმრავლესობისთვისაც. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ე.წ ვეტინგის“ სისტემა მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს. ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას განიხილავდნენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ “ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით.