რატომ არ მისცა კეზერაშვილს ვიზა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა | 13.03.2024

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილებაა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის მუხლს დაეყრდნო. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლოსგან ყველა იმ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ითხოვს, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.

“სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ს ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში აშშ-ს საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო. ამის შემდეგ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა. დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა”, – „რადიო თავისუფლება“.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს. გამოძიების ავტორი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”ანუ დავით კეზერაშვილთან მიდიოდა. კეზერაშვილმა BBC-ის სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს უკიდურესად მცდარი უწოდა და თქვა, რომ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ არცერთ თაღლითობასთან კავშირი არ აქვს.