გრძელდება კობახიძის კადრებით ღარიბაშვილის კადრების ჩანაცვლება – ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებზე | 11.03.2024

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა. სარჯველაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრად პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, წარადგინა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე მიხეილ სარჯველაძემ ზურაბ აზარაშვილი ჩაანაცვლა. რომელმაც თანამდებობა პირველ მარტს დატოვა.

მიხეილ სარჯველაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. წლების განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. “ქართული ოცნების” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მეოთხე მინისტრია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შემდეგ მთავრობაში ვაკანტური კიდევ რამდენიმე პოსტი იყო. პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, ჟორჟოლიანი ამ დრომდე თბილისის საკრებულოს წევრი იყო. ასევე ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად – ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად – გიორგი ქაჯაია დაინიშნა. ხოლო პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2012 წლის ბოლოდან ეკავა. ის “აბაშიძე- კარასინის” ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა.

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტიდან გათავისუფლდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ზურაბ აზარაშვილის გადაყენების მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები იყო, ამ კონტექსტში მან “რესპუბლიკური საავადმყოფო” ახსენა და მისი წინამორბედის მიერ კლინიკის დემონტაჟთან დაკავშირებით მიღებული გადწყვეტილება გააუქმა.