„ოცნების“ ანტიდასავლურ რიტორიკას ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით პასუხობს | 08.03.2024

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. საუბარია საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ხელისუფლებამ დასავლეთის კრიტიკისთვის გამოიყენა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გერტ იან კოპმანი, მართლაც შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. მათ შორის იყო ზურაბ ადეიშვილი. ევროკავშირის წარმომადგენლობა ივანიშვილის პარტიას შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენის გამო აკრიტიკებს და ახსენებს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა 9 ევროპული ნაბიჯიდან პირველია.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით. გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში). ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას”, – საქართველოში EU-ს წარმომადგენლობა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტების მიუხედავად „ქართული ოცნება“ დასავლეთის კრიტიკას მაინც განაგრძობს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირის მხრიდან კრიმინალების პატივით მიღება ევროსკეპტიციზმს უწყობს ხელს.

22 თებერვალს ზურაბ ადეიშვილი გერმანიის პარლამენტშიც იმყოფებოდა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორი ქვეყანა მკაცრად გააკრიტიკა. ბრალდებების საპასუხოდ, გერმანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ადეიშვილი ბუნდესთაგში უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრის სტატუსით იმყოფებოდა. საელჩო წერს, რომ ადეიშვილს პარლამენტში შესვლას ვერ აუკრძალავდნენ, რადგან ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.