რა საკითხებზე ისაუბრეს კონსპირაციულ შეხვედრაზე “ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ და ქართული წარმომავლობის რუსმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელთმა?! – პარტია “დროას” მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და “ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ ქართული წარმომავლობის რუს ბიზნესმენს დავით ხიდაშელს მასთან შეხვედრაზე “არანაირი ანტიდასავლური, პრორუსული და მითუმეტეს ანტიქართული იდეა არ გაუჟღერებია”.
პარტია “დროას” ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი პარლამენტის ვიცე-სპიკერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა. პარტიის ცნობით, ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ესაუბრებოდა.
ეს ინფორმაცია ვოლსკიმ ნაწილობრივ დაადასტურა და თქვა, რომ თავად ხიდაშელსაც კარგად ესმის, რომ დღევანდელ ვითარებაში საერთაშორისო მონაწილეობით რუსეთთან მოლაპარაკება “პრაქტიკულად შეუძლებელი და გამორიცხულია”. თავად ხიდაშელი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა.
გუშინ ვოლსკისა და ხიდაშელის შეხვედრას პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში პარტია “დროას” წევრები შეესწრნენ და შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
დავით ხიდაშელი ბიძინა ივანიშვლთან და რუს მილიარდერთან ვლადიმერ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირია. ის კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე და ფიგურანტია. მან რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი 1936-1938 წლების ტოპოგრაფიული რუკის დედანი, რომელიც საფუძვლად დაედო კარტოგრაფების საქმეს და 2020 წლის არჩევნების წინ სახელისუფლო კამპანიას გარეჯი საქართველოა. ერთ–ერთ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის „ვალი მიჰყვება”.ბოლო დროს მისი სახელი ასევე რაჭის ტყეების სკანდალს უკავშირდებოდა . მას რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ჰქონდა გადაცემული, თუმცა მოგვიანებით ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლიცენზია ჩამოერთვა.