პრეზიდენტი „ოცნების“ რუსულ კავშირებზე საუბარს ერიდება- შეფასებები პრეზიდენტის განცხადებებზე | 07.03.2024

არის თუ არა რუსეთის ინტერესში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მე-4 ვადით დარჩენა. პრეზიდენტი ჟურნალისტებთან წუხელ გამართულ პრესკონფენერეციაზე მმართველი გუნდის შესაძლო რუსულ კავშირებზე ღია საუბარს მოერიდა. ზურაბიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ ხელისუფლების ზოგიერთ ქმედებაში ჩანს ნიშნები, რომლებიც აჩენს ეჭვს „ოცნების“ და რუსეთის საერთო ინტერესებზე. თუმცა, ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ვერ ეყოლება, რადგან ხალხის ევროპული არჩევანი მტკიცეა.

სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მმართველობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პრეზიდენტი ამბობს, რომ თავად ამ კოალიციის ნაწილი ან რომელიმე ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი არ იქნება, რადგან ის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს. ზურაბიშვილი ფიქრობს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მისი ნაწილი, შესაძლოა, „ქართული ოცნებაც“ იყოს.

პრეზიდენტმა სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა და მასზე შიდა თუ გარე ზეწოლა გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, ზურაბიშვილმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა მიმართვის შემთხვევაში სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. პრეზიდენტმა შეკითხვის მიუხედავად არაფერი თქვა ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობასთანაც დაკავშირებითაც.

სალომე ზურაბიშვილმა მედიის ნაწილთან პრესკონფერენცია ორბელიანების სასახლეში გამართა. ის ჟურნალისტების კითხვებს, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.