საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტების შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში | 05.03.2024

ომი უკრაინაში, ოკუპაცია და ნატოს მომავალი სამიტი – ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე, რომლის შემდგომაც მათ ორბელიანების სასახლეში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისლანდია, როგორც ნატოს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის კონსტიტუციის გამყარებული მიზანი ნატოში ინტეგრაციაა, იზიარებენ ერთიან სულისკვეთებას, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ისლანდიის პრეზიდენი გუდნი იოჰანესი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას თავად გაეცნობა.

ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. მან ხაზი გაუსვა, რომ ისლანდია და საქართველო პატარა ქვეყნები არიან და აუცილებელია საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, რათა ძალა არ იყოს ის, რაც მსოფლიოში ყველაზე ღირებულია.

ისლანდიის პრეზიდენტმა წლების წინ საქართველოში განხორციელებულ კიდევ ერთ ვიზიტზე ისაუბრა და ქართულ ენაზე ნასწავლი რამდენიმე ფრაზაც გაიმეორა.

გუდნი იოჰანესონი თბილისში დღეს ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის თემა იყო კლიმატის ცვლილებებიც და ამ სფეროში ისლანდიის გამოცდილების გაზიარება. დაგეგმილია ისლანდიის პრეზიდენტის შეხვედრები პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, გაიმართება საქართველო-ისლანდია ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში.