ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – N 4 – მელია | 05.03.2024

ოპოზიციონერმა პოლიტიკომა ნიკა მელიამ თავისი ახალი პარტიის საარჩევნო ნომერი დაასახელა და ფეისბუქზე დაწერა, რომ ის ბრძოლის და გამარჯვების სიმბოლო გახდება.

“2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო – ნომერი 4.
მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში”, – ნიკა მელიას განცხადება.

დიდი ალბათობით ნიკა მელია არჩევნებზე 4 ნომრით დამოუკიდებლად არ იასპარეზებს. მელიას გუნდში ადასტურებენ რომ ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მალე გაირკვევა შედგა თუ არა შეთანხმება პოლიტიკური ერთობის ჩამოსაყალიბებლად. მელიას გუნდში იმასაც ამბობენ, რომ მოლაპარაკებები სხვა პარტიებთანაც მიმდინარეობს.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერი 4 მოძრაობას “სახელმწიფო ხალხისთვის”ეკუთვნოდა, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.

ნიკა მელიამ რამდენიმე თვის წინ პარტია ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შიდაპარტიული დაპირისპირება. მელიამ განაცხადა, რომ წინ მომავლისკენ მიდის”და ახალი პარტიის დაფუძნება დაანონსა.