ბიძინა ივანიშვილი წლის დასაწყისიდან დღემდე 325 მლნ დოლარით გამდიდრდა – „ბლუმბერგის“ ახალი მონაცემები | 05.03.2024

ბიძინა ივანიშვილი წლის დასაწყისიდან დღემდე 325 მლნ დოლარით გამდიდრდა. „ბლუმბერგი“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის ქონება ამ დროისთვის თითქმის 7 მლრდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის 500-კაციან სიაში 374-ე ადგილს იკავებს. Bloomberg წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონებით და ხელოვნების ნიმუშების კოლექციის შექმნით გამოიმუშავა. „ბლუმბერგის“ ცნობით, ივანიშვილმა აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში, დანარჩენი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინ, 2012 წლის ოქტომბერში გაყიდა.