ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურა აზარაშვილი მისი საქმიანობის შემაჯამებელ ფეისბუკპოსტში ზეწოლაზე, გავლენიანი ჯგუფების ბიზნესინტერებსა და, სავარაუდოდ, ახალი პრემიერის პიარაქტივობებზე საუბრობს. აზარაშვილი არ მალავს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ღარიბაშვილის დადებითი შეფასებაა, რადგან მისი მხარდაჭერით მოხერხდა 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება.
“მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში, მადლიერებით დავიწყო, რადგან ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება. გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა. სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება.
სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი – პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.
რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე”, – ზურა აზარაშვილის განცხადება.
ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა კობახიძის წინააღმდეგ ღია მინიშნებები პოსტის ბოლო ნაწილში გააკეთა. აზარაშვილსი თქმით, მისი გადაწყვეტილებები გრძელვადიან შედეგზე იყო ორიენტირებული და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე. ამაში ყოფილი მინისტრი, სავარაუდოდ, კობახიძეს გულისხმობს, რომელმაც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ღარიბაშვილის გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვალა. კობახიძემ საავადმყოფოს დანგრევა ახალის აშენებამდე გადადო და რეორგანიზაციის პროცესი შეაჩერა. აზარაშვილს უკვირს როგორ შეინარჩუნა თანამდებობა 2 წლის განმავლობაში, იმ ფონზე, როცა მძლავრ დაჯგუფებებს საკუთარი ბიზნესინტერესები ჰქონდათ.
ზურა აზარაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია 1 მარტს გავრცელდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. „ოცნების“ ლიდერებს არ დაუმალავთ, რომ აზარაშვილს ახალი პრემიერისგან განსხვავებული ხედვები ჰქონდა და იყო პრობლემები კომუნიკაციასთან დაკავშირებითაც.