მინისტრებს შესაძლოა, ხელფასები გაეზარდოთ – „ოცნებამ“ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა | 04.03.2024

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, ხელფასები გაეზარდოთ. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადეს, რომლითაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის დადგენა იგეგმება. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას გამოიწვევს. ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში თავად განსაზღვრონ, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს.
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შეეხებათ: – პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრს/სახელმწიფო მინისტრს, მათ პირველ მოადგილეებს, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარეს და მათ მოადგილეებს.

რაც შეეხება პარლამენტის წევრების შრომით ანაზღაურებას, ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და ის პარლამენტის რეგლამენტში აისახა.