რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ზურაბ აზარაშვილმა | 01.03.2024

ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი “მართვის და კომუნიკაციის კუთხით” შექმნილი პრობლემებია. კობახიძის განცხადებით, ის რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დარწმუნდა, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობდა.

წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძეს წინა მთავრობისაგან განსხვავებული ხედვა აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან მალევე ირაკლი კობახიძემ მისი წინამორბედის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციისა და შენობის დემონტაჟის პროცესი შეაჩერა. კობახიძემ განაცხადა რომ საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტა საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იყო.

პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცებამდეც და შემდეგაც, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი ცვლილება თავდაცვის მინისტრს შეეხებოდა, თუმცა პრემირი დღეს ამტკიცებდა რომ, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლის გეგმა არ ჰქონია, მაგრამ პროცესში ხარვეზები დაინახა. ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეს ფართო კონსულტაციებით, მათ შორის ბიძინა ივანიშივლთან საუბრის შემდეგ გადაწყდება.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 30 დეკემბერს ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. შემდგომში ის თავის კაბინეტში ირაკლი კობახიძემაც დაასახელა, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებიდან რამდენიმე კვირაში მან პოსტი, სწორედ “კობახიძესთან საუბრის შემდეგ” დატოვა. მანამდე, ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, 10 თვის განმავლობაში ზურაბ აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.