„დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ“ – პრემიერ ირაკლი კობახიძის მორიგი ანტიდასავლური განცხადებები | 01.03.2024

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დღეს ისევ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციებმა გააღიზიანა, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებთან ერთად, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ჩაიწერა. „ოცნების“ პრემიერი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის მიმართ ევროპელი ლიდერებიც უარყოფითად არიან განწყობილი.

„დაგვეხმარონ, რომ დავეხმაროთ“ — ასე შეუბრუნა კობახიძემ მოწოდება ევროპარლამენტს და თქვა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები ევროპარლამენტარებს უნდა გაემიჯნონ. კობახიძემ ამერიკელ პარტნიორებზე განაწყენების ერთ-ერთი მიზეზიც გაამჟღავნა. თქვა, რომ პრემიერად დანიშვნა დაბალი რანგის თანამდებობის პირებმა მიულოცეს და არა უმაღლესმა წარმომადგენლებმა.

„ოცნების“ პრემიერი დღეს, ერთი მხრივ, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებდა, მეორე მხრივ, კი ამერიკას ჩინეთისთვის მიბაძვისა და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდებდა. კობახიძის მტკიცებით, ეს ქვეყნის მიგრაციის მიმართულებით პრობლემებს არ შექმნის.

ირაკლი კობახიძის თავდასხმის სამიზნე გახდა სალომე ზურაბიშვილიც. პრემიერი პრეზიდენტზე სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ ბუნდოვანი განცხადებების გამოა გაბრაზებული. კობახიძემ თქვა, რომ ზურაბიშვილის ოცნებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ, ახდენა არ უწერია. რადგან, მისი მტკიცებით, მმართველი პარტიის რეიტინგი ახლა 60%-მდეა.

კობახიძემ ზურაბიშვილი პატრიარქზე გაკეთებული განცხადების გამოც გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ლონდონში ყოფნისას, ჩეთემჰაუსში დასმული კითხვის საპასუხოდ, თქვა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით ვითარება კომპლექსურია. რადგან დღეს პატრიარქი, რომელმაც ეკლესიის გეზი მტკიცედ შეინარჩუნა, ფიზიკურად სუსტადაა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია პროევროპულ რიტორიკას გაჰყვება და ქართული ეკლესია პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი, პატრიარქის არჩევას შეძლებს. ზურაბიშვილის ამ განცხადებას კობახიძემ გამაოგნებელი უწოდა.