ქართველი ხალხის 50% არც “ოცნებას” და არც ნაცმოძრაობას არ უჭერს მხარს – პრეზიდენტი ლონდონში | 29.02.2024

“საქართველოს ხალხის დნმ არის, რომ იყვნენ ევროპელები” – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ისტორიული წარსული მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა რუსულ ოკუპაციაზე, 2008 წლის ომზე და იმ ვითარებაზე, რასაც ოკუპანტები ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და თქვა, რომ სწორედ ამ ომში უკრაინის გამარჯვებაზეა ახლა დამოკიდებული ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს მომავალი. პრეზიდენტის თქმით საქართველოს ევროპულ გზაზე ერთადერთი გამოწვევა რუსეთია და სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იქნება ახლა ბევრი რამ დამოკიდებული.