ევროპარლამენტის ორი ახალი რეზოლუცია საქართველოზე და ორი დამატებითი ცვლილება | 29.02.2024

ევროპარლამენტმა ორი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს შეიცავს. ანგარიშები ევროპარლამენტარების მიერ 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებაა მომზადებული. სესიაზე დევიდ მაკალისტერის რეზოლუციას 338 ხმით, 86-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, სვენ მიქსერის რეზოლუციას კი 350 დეპუტატი მიემხრო, 91 მა ხმა წინააღმდეგ მისცა. დოკუმენტებში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერაა გამოთქმული და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია მკაცრად არის დაგმობილი.

ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციებში ორი ცვლილება შევიდა. ავტორი ანა ფოტიგაა. ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საააკაშვილი. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

რეზოლუციებში დადებითად არის შეფასებული საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მოუწოდებს ევროკავშირს გააძლიერონ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ საბრძოლველად.