რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის 1 მარტს დაკრაძალავენ – იულია ნავალნაიას მიმართვა ევროპარლამენტს | 28.02.2024

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის 1 მარტს, მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ნავალნის გუნდმა გაავრცელა.

მანამდე ნავალნის პარაკლისი ღვთის მშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართება.
გუშინ ნავალნის გუნდი აცხადებდა, რომ ვერ ახერხებდნენ შენობის მოძებნას, სადაც ალექსეი ნავალნისთან გამომშვიდობების ცერემონიალი გაიმართებოდა. მათი თქმით, მოსკოვის კერძო და სახელმწიფო სარიტუალო სააგენტოების, კომერციული ფართების და დარბაზების უმრავლესობას დაუკავშირდნენ, თუმცა ყველგან უარი მიიღეს. ზოგან მათ უთხრეს, რომ შენობა დაკავებულია, ზოგან კი პირდაპირ განუცხადეს, რომ ნავალნის გუნდთან თანამშრომლობა აუკრძალეს.

ნავალნის ცხედარი, რომელიც 16 თებერვალს სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა, მის დედას 24 თებერვალს გადასცეს.

დღეს ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც ნავალნის მკვლელობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. იულია ნავალნაიამ მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, გააძლიერონ სანქციები რუსეთის მიმართ და გამოიძიონ კრემლის ქმედებები, რომელმაც დაიწყო ომი უკრაინაში და რომელმაც მისი ქმარი მოკლა.

ნავალნის ქვრივმა ევროპას მოუწოდა არა რუსების დევნის, არამედ მათთან ერთად მუშაობისკენ პუტინის წინააღმდეგ. იულია ნავალნაიამ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ისეთი რუსეთის შესაქმნელად, როგორზეც ალექსეი ნავალნი ოცნებობდა და ბოროტება დამარცხდება. იულია ნავალნაიას გამოსვლას ევროპარლამენტი ხანგრძლივი ტაშით შეხვდა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის პრეზიდენტიც. რობერტა მეცოლამ თქვა, რომ ნავალნის მკვლელებმა რუსი ხალხის იმედების მოკვლა სცადეს.