ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი ევრისასამართლომ წარმოებაში მიიღო | 26.02.2024

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო პარტია „ლელოს“ ლიდერების, სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს პრაქტიკაში უპრეცედენტო მოვლენაა ასეთ მოკლე დროში, მსგავსი მოცულობითი საქმის პირდაპირ განხილვაზე გადასვლა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლების დარღვევაზე მიუთითებენ.

“ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ “ქართული ოცნების” მთავრობის მიმართ შეკითხვები საქმის ყველა ცენტრალურ საკითხთან დაკავშირებით დასვა. ეს ნიშნავს, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეში არსებული სამართლებრივი საკითხები ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვნად და დასაბუთებულად მიიჩნია და ახლა მთავრობას მოუწევს სასამართლოს შემდეგი მიმართულებებით უპასუხოს: კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (სამართლიანი სასამართლოს უფლება), რადგან ფულის გათეთრებისა და თაღლითობის საქმეში ბრალდებულებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების დაცვის საკმარისი დრო და შესაძლებლობა შიდა (საქართველოს) სასამართლოების წინაშე; კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე), რადგან შიდა სასამართლოებმა ხაზარაძე/ჯაფარიძე მსჯავრდებულად ცნეს იმ დანაშაულში, რომელიც არ ჩაუდენიათ და რომლის მიმართ გასული იყო ხანდაზმულობის ვადა; კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), რადგან ხაზარაძე/ჯაფარიძის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას და ევროპული კონვენციით გარანტირებული ადამიანის უფლებების უკანონო შეზღუდვა/შელახვას”, – „ლელოს“ განცხადება.

2022 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ. დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს. TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. მომდევნო წლის ივლისში კი მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დასდეს. ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქმის პოლიტიკურ მდგენელზე ამახვილებდა ყურადღებას, რადგან ჯაფარიძე და ხაზარაძე ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან. ავთანდილ წერეთელი კი ოპოზიციური მედიის „ტვ პირველის“ მფლობელის მამაა.