საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელი მთავრობის სხდომა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ იუნკერებზე და უკრაინაში ომის ორი წლისთავზე საუბრით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და მშვიდობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უსურვა. კობახიძე მისი წინამორბედის მსგავსად დღეს ამტკიცებდა რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება სწორედ მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა. პრემიერმა მშვიდობის კონტექსტში ოპოზიცია გააკრიტიკა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზევე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ ჩინეთმა უვიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის. პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ 30 დღე შეძლებენ დარჩენას. კობახიძის თქმით ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის მორიგი, მნიშვნელოვანი სიახლე. ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. მანამდე საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.