6 წელი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცცვალებიდან – რა გააკეთა ხელისუფლებამ მკვლელების დასასჯელად | 22.02.2024

რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა და სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე, წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით შეამკეს. არჩილ ტატუნაშვილის დედამ დღეს კიდევ ერთხელ თქვა თუ რატომ მოაკლეს რუსმა ოკუპანტებმა მისი შვილი.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა. ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს მრავლობითი დაზიანება და წამების კვალი აღენიშნებოდა. ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე დავით გურწიევი კი დროებით ოკუპირებული ახალგორის ე.წ. „პროკურორი“ გახდა.