რამდენად დამაჯერებელი იყო კობახიძის გზავნილები ბრიუსელიდან და როგორია პოლიტიკური შეფასებები ვიზიტის დასრულდებიდან მეორე დღეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნების“ ლიდერები საქართველოში ყოფნისას ევროპელ პარტნიორებს ლანძღავენ, ევროპაში ჩასვლის შემდეგ კი მათთან თანამშრომლობით თავს იწონებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს ევროპელი მეგობრების და ქართველი ხალხის მოტყუების მცდელობაა, რაც ივანიშვილის გუნდს არ გამოუვა.
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 19 თებერვალს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ლევან დავითაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ილია დარჩიაშვილი და თეა ახვლედიანი. „ქართული ოცნების“ ახალმა პრემიერმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ის, ასევე, შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. კობახიძემ მონაწილეობა მიიღო NATO-საქართველოს კომისიის სხდომაშიც. ევროპელი პარტნიორების მთავარი გზავნილები საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ანტიდასავლური პროპაგანდის შემცირებას და ევროპული რეკომენდაციების დროულად შესრულების აუცილებლობას შეეხებოდა.