მილიონობით ლარის ტენდერები „ოცნების“ შემწირველებს – „საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა | 22.02.2024

როგორია პარტიების შემოწირულობები — „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ 2023 წლის ბოლო სამი თვის მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულობების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობის 93%-ია. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ კი ჯამურად, სულ რაღაც, 700000 ლარამდე ღირებულების შემოწირულობა მიიღო.

“პარტიების შემოწირულობები 2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ — 9, 464,000 ლარი; „ლელო“ — 330, 305 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 241,091 ლარი; „თაობები საქართველოსთვის“ — 101,789 ლარი; „საქართველოსთვის“ — 7,665 ლარი; „ევროპელი სოციალისტები“ — 5,450 ლარი; „ხალხისთვის“ — 5,300 ლარი; „კონსერვატიული მოძრაობა“ — 2,875 ლარი; „დროა“ — 2,504 ლარი; „ლეიბორისტული პარტია“ — 2,371 ლარი; „ევროპული საქართველო“ — 438 ლარი. „ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ მეტია ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული. „ქართულ ოცნებას“ 284-მა პირმა შეწირა თანხა, სხვა ყველა პარტიას ჯამურად — 130-მა”, – „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

კვლევით დასტურდება, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული. ეს მაშინ, როცა ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია.

„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 24-მა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 616 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2013 წლიდან კი ამავე კომპანიებს 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული. „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული 26 კომპანიას სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში 2017-2021 წლებში ჯამში 22 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2022 წლებში რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ხუთ კომპანიას — 18 მილიონ ლარამდე. მსხვილი ბიზნესჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქტიური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა” ,- „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სავარაუდო ფიქტიური დონორების პრაქტიკა გამოიკვეთა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან, „ანაგი“ ჯგუფთან, „ალიანსი“ ჯგუფთან და „ნექსთი“ ჯგუფში დასაქმებულ დონორებთან დაკავშირებითაც. ფიქტიური შემოწირულობის ეჭვს აჩენს დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიც, რომლებსაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მმართველ პარტიას მსხვილი თანხები შესწირეს.