NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხვედრები არჩევნებამდე 8 თვით ადრე | 20.02.2024

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, „ქართული ოცნების” მოლოდინი არჩევნებთან დაკავშირებით და პარტიის წინასაარჩევნო გეგმები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ოპოზიციურ პარტიებთანაც. მათ იკითხეს როგორ ახერხებს ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე ზეწოლას და რა ინფორმაციას ფლობს ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე საქართველოშია. 19 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ დელეგაცია ხუთი დღის განმავლობაში შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს.