2024 წლის არჩევნები, როგორც ქართული დემოკრატიის ტესტი და ევროპული რეკომენდაციების დროულად შესრულებისკენ მოწოდება. ბრიუსელში ჯოზეფ ბორელის, ოლივერ ვარჰეის და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გაითვალისწინებასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრა. ეს მაშინ, როცა ამ პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებული საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან რეკომენდაციებზე მუშაობის დაჩქარებაზე შეთანხმდა. ევროკომისარმა თქვა, რომ თუ საქართველო 2030 წლისთვის ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს მის მისაღებად.
ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეაჯამა და თქვა, რომ საქართველომ ძალიან ძლიერი ნება აჩვენა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართ. კობახიძის თქმით, მისი გუნდის ამბიციური გეგმაა, რომ 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის უფრო მეტად იყოს მზად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა.
ირაკლი კობახიძეს დღეს ბრიუსელში უკრაინასთან და ე.წ. „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტება მოსთხოვეს. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, კობახიძემ კვლავ პროპაგანდისტული გზავნილები გაახმოვანა. ჯოზეფ ბორელმა კი თქვა, რომ „მეორე ფრონტის“ თემა სერიოზულად არავის მიუღია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 19 თებერვალს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი არიან.