მშვიდობა, დემოკრატია, მსოფლიოში სასწორზე დევს, ეს საქართველოზე უკეთ ცოტამ თუ იცის – პრეზიდენტი | 20.02.2024

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, პრეზიდენტი ბერლინში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო “კინო მშვიდობისთვის” ორგანიზებით გამართულ გალაღონისძიებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიოს პოლიტიკისა და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა:

“მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება დღევანდელ მსოფლიოში მართლაც, რომ სასწორზე დევს და გამოწვევის წინაშეა. ეს ჩემს ქვეყანაზე, საქართველოზე უკეთ ცოტამ თუ იცის. ზუსტად 103 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, ახალგაზრდა გოგონა მარო მაყაშვილი საქართველოში შემოჭრილი რუსეთის მე-11 არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა – ქვეყანა, რომელშიც ისინი შეიჭრნენ იყო სუვერენული და დემოკრატიული მოდელის კონსტიტუციით, რომელიც წინ უსწრებდა დროს და რომელშიც მაგალითად, არჩევნებში ქალების მიერ ხმის მიცემისა და ქალის არჩევის უფლებები სათანადოდ იყო აღიარებული. მაშინ დემოკრატია და თავისუფლება ჩაახშეს, დადგა ტერორისა და რეპრესიების დრო. ოკუპაცია 70 წელი გაგრძელდ. რუსეთის მხრიდან მეორე აგრესია საბჭოთა რუსეთის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე განხორციელდა. ამას მოჰყვა ჩემი ქვეყნის ნაწილების დე ფაქტო ოკუპაცია, რომელსაც გაყინული კონფლიქტების არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდა. ეს 17 წელი გაგრძელდა. 2008 წელს მესამე შემოჭრამ რუსეთს ოკუპაციის კონსოლიდირებისა და ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციისკენ გაუხსნა გზა. მსგავსი ისტორიის მოყოლა შეიძლება უკრაინაზე, მოლდოვაზე, რუსეთის თითქმის ყველა მეზობელზე, რომლებმაც საკუთარ ხორცსა და სისხლზე გამოსცადეს, რას ნიშნავს იყო იმ ქვეყნის მეზობელი, რომელმაც არ იცის თავისი საზღვრები, რომელიც არ ცნობს და პატივს არ სცემს სხვის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არ ცნობს ყველაფერზე მაღლა მდგომ ღირებულებებს – ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატია მოითხოვს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, მიუკერძოებელ სასამართლოს, ძალაუფლების ბალანსს, უმცირესობების პატივისცემას და ჩვენ ამის მისაღწევად ვიბრძვით. ეს არის ის, რასაც უკრაინელები დღეს ჩვენთვის ყველაზე მტკიცედ იცავენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით თუ და როდესაც კაცობრიობის წაშლის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით”, – სალომე ზურაბიშვილი.