ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა – რუსული მედია | 16.02.2024

რუსული მედიის ინფორმაციით რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით გამოცემა Meduza-ც ავრცელებს და წერს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს.

ნავალნის ცოლმა იულია ნავალნაიამ  პირველი კომენტარი მეუღლის გარდაცვალების შესახებ მიუნჰენის კონფერენციაზე გააკეთა.   ნავალნის ცოლი აცხადებს რომ მისი მეუღლის გარდაცვალებაზე ჯერ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ, რადგან რუსული ხელისუფლება “ბევრ ტყუილს” ამბობს.

ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კრემლიც. პესკოვი ამტკიცებს, რომ პუტინის კრიტიკოსის გარდაცვალების მიზეზის შესახებ არაფერი იცის და ამბობს, რომ ფედერალური ციხის სამსახური მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს. რუსული სამთავრობო გამოცემა TASS კი იუწყება, რომ პუტინი მისი გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემების არ უჩიოდა. ტელეგრამის არხმა SOTAvision-მა ალექსეი ნავალნის, გუშინდელი, 15 თებერვლის ვიდეო გამოაქვეყნა სასამართლოს სხდომიდან, რომელსაც ნავალნი კოლონიიდან ვიდეოზარით ერთთვებოდა. კადრებში პატიმარი ჯანმრთელად გამოიყურება და ხუმრობს.

14 თებერვალს 47 წლის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 27-ედ, მოათავსეს იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში. 2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში. სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია.

2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა, როცა დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, ბევრი სამართალდამცავი ორგანიზაცია მას პოლიტპატიმრად მიიჩნევდა. ალექსეი ნავალნი 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.