7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია – ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე 14 თებერვლის საღამოს გათავისუფლდა. მას სასჯელის სრულად მოხდამდე 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დაცვის მხარემ საბჭოს საქმის განხილვისთვის 2023 წლის ნოემბერში მიმართა. საპატიმროდან დეკანოზი რეანომობილით ქობულეთში, საკუთარ სახლში გადაიყვანეს, მას დამოუკიდებლად გადადგილება არ შეუძლია.
უკვე ყოფილმა მსჯავრდებულმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. საპატიმროდან გათავისუფლებული დეკანოზი სიმართლისთვის ბრძოლას აანონსებს. დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს მისი მხარდაჭერის გამბედაობა არ აღმოაჩნდა.
სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლებას განცხადებით ეხმაურება და დადებითად აფასებს. სახალხო დამცველის აპარატმა სასჯელაღსრულების ორგანოს მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განსახილველად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს 3 თვის წინ მიმართა.
“სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად. საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას”, – სახალხო დამცველის განცხადება.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან – რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. ე,წ„ციანიდის საქმეში“ მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.