სადაო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში-მესამე სექტორი „ოცნებას“ ვენეციის რეკომენდაციებს ახსენებს | 15.02.2024

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს, უარი თქვას საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების კანონპროექტის არსებული სახით მიღებაზე. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს ხელს არ შეუწყობს ელექტორატის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლებას და 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. მათივე შეფასებით, კანონპროექტმა შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ორგანიზაცია პრეზიდენტს მოუწოდებს, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება.

პარლამენტმა ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებულ ცვლილებათა პაკეტს, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედევად, მეორე მოსმენით მხარი 9 თებერვალს დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების დანიშვნაში ფორმალური მონაწილეობაც კი, ფაქტობრივად, აღარ შეეძლება. ასევე, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო არჩეული.