„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსეთიდან ისევ აქებენ. ამჯერად, განცხადება სერგეი ლავროვის მოადგილემ გააკეთა და თქვა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი, რუსეთი აპირებს თბილისთან კავშირების ნორმალიზებაზე იზრუნოს. მიხეილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მზარდ დინამიკაზე. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ივანიშვილის პარტიის პოლიტიკა დადებითად შეაფასა და მას პრაგმატული უწოდა.
“საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს [ე.წ. გავრილოვის ღამე] ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით იყო გამოწვეული. გასულ წელს, გაუქმდა 2 000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების ხანმოკლე ვიზიტებისთვის რუსეთში და აღდგა პირდაპირი ავია-კავშირი. რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, ისინი 2008 წელს გაწყდა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით. სამწუხაროდ, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება რეგიონში არსებული რეალობის გამო”, – მიხეილ გალუზინი — ლავროვის მოადგილე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსი მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2023 წლის 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. 2023 წლის 30 ნოემბერს კი მარგარიტა სიმონიანმა მამუკა მდინარაძე შეაქო. სიმონიანის მოწონება მდინარაძის იმ განცხადებამ დაიმსახურა, რომლითაც მან „ლელოს“ ინიციატივა, რუსებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ, მკაცრად გააკრიტიკა. რუსმა პროპაგანდისტმა და „რაშა თუდეის“ მთავარმა რედაქტორმა მსგავსი განცხადება 4 ოქტომბერსაც გააკეთა. მაშინ, სიმონიანმა თავის გადაცემაში თქვა, რომ „თბილისი გაცილებით უფრო წესიერად იქცევა, ვიდრე ერევანი“.