არის თუ არა „ოცნებაში“ კორუფცია – მინისტრები კორუფციასთან უკომპრომისო” ბრძლას აანონსებენ | 12.02.2024

არის თუ არა „ქართული ოცნებაში“ კორუფცია. ახალი პრემიერის მიერ მთავრობის პირველივე სხდომაზე კორუფციის შესახებ გაკეთებული მინიშნებების შემდეგ, კობახიძის რიტორიკა მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც გაიმეორეს. ყველაზე მკაფიო გამონათქვამებში დღეს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი იყო. ახალმა მინისტრმა თქვა, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა, ინფორმირებული იყოს, რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში. ჩიქოვანი პირობას დებს, რომ კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე.

„ქართული ოცნების“ მთავრობაში შესაძლო კორუფციის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწიათ დღეს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც. თეა წულუკიანმა და ლევან დავითაშვილმა თქვეს, რომ საქართველო კურუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა და ახალი მთავრობა ამ მაჩვენებლებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ოპოზიციას ახალი მთავრობის განცხადებების არ სჯერა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში ყველა პრემიერ-მინისტრი მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე იზრუნებს და არა ხალხის ინტერესებზე.

ირაკლი კობახიძემდე „ქართულ ოცნებაში“ კორუფციის რისკის ზრდაზე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ პოლიტიკაში მესამედ მობრუნებისას თქვა, რომ სუსტი ოპოზიციის პირობებში ხელისუფლებაში კორუფციის რისკი იზრდება.