საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აპირებს სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის” ბორდს და უშუალოდ ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც „გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელი. ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს ისაუბრა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ის „ფრონტის წინა ხაზზე“ იბრძოლებს, რადგან სწორედ აქ წყდება საქართველოს მომავლის ბედი.
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას შეეხება. მესამე პრეზიდენტის თქმით, ის ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება, თუმცა ახლა არა საუბრის, არამედ მოქმედებაზე გადასვლის დროა. სააკაშვილი „ხმების მცველი სკოლის“ შექმნასაც აანონსებს, რომელიც, მისი თქმით, არჩევნების გაყალბების სქემებს გაშიფრავს და ხალხს გადაამზადებს.