ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა მეცხრე დაღუპულის ცხედარი დღეს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ახლა ადგილზე სტქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა 10 ადამიანი მოიყოლა მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა. გეოლოგების რეკომენდაციით, სოფელ ნერგეეთიდან 7 ოჯახია ევაკუირებული.
მეწყერი ნერგეეთში 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მას შემდეგ მეწყერში მოყოლილთა ძებნა უწყვეტად გრძელდებოდა. მეწყრის ჩამოწოლას წინ ძლიერი წვიმა უძღოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით 24 საათის განმავლობაში უწყვეტად აწარმოებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.
6-7 თებერვლის სტიქიის შედეგად მეწყერი და ზვავი ჩამოწვა აჭარაში, რასაც ასევე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა სახლები. უხვი ნალექის გამო დაიტბორა სამეგრელოსა და იმერეთის არაერთი დასახლება.