ნდობის გამოცხადების პროცესი კობახიძის მთავრობისთვის — როგორ მიმდინარეობდა სხდომა პარლამენტში | 08.02.2024

ირაკლი კობახიძის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ, პრემიერობის კანდიდატს დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს. საპარლამენტო უმრავლესობა განსაკუთრებით გააღიზიანა გიორგი გახარიას თანაგუნდელების შეკითხვებმა. ბექა ლილუაშვილმა კობახიძეს წარსული შეახსენა და მას გავრილოვის ჩამომყვანი და მაქეიფარი უწოდა. ლილუაშვილს, სიტყვით გამოსვლის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობის ფლანგიდან შეძახილები ისმოდა.„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მას გახარიას წარსული და 20 ივნისს ახალგაზრდებისთვის დათხრილი თვალები შეახსენა.

კობახიძეს წარსული შეახსენა ანა ნაცვლიშვილმაც. „ლელოს“ დეპუტატმა „ოცნების“ პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, დაუჭერდა თუ არა მხარს კიდევ ერთხელ რუსულ კანონს. ნაცვლიშვილის შეკითხვით გაღიზიანებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ოპოზიციონერ კოლეგას გულსაბნევი დაუწუნა.

დეპუტატებს შეკითხვები ჰქონდათ მინისტრობის კანდიდატებთანაც. „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კულტურის სფეროში წულუკიანის რეპრესიებზე ისაუბრა. მან მინისტრობის კანდიდატს ნახევრად ხუმრობით უთხრა თუ რატომ უხარია, რომ წულუკიანს კრიტიკაზე პასუხის უფლება რეგლამენტით არ აქვს.

სიტყვით უფლებით ისარგებლეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც. ირაკლი ზარქუამ ძირითადი დრო ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო და თქვა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო კონსტრუქციული იყო, ვიდრე „ლელო“ და გახარიას პარტია. ამ რიტორიკის პარალელურად, „ოცნების“ წევრებს არ დავიწყებიათ მადლობები ივანიშვილის, კობახიძის და ღარიბაშვილის მიმართ.

საქართველოს პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ გაისმა მოწოდება კრიტიკული მედიის შეზღუდვის შესახებ. ამ საკითხზე პრორუსული „ხალხის ძალის“ წევრმა და რუსული კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა ისაუბრა. მან კობახიძეს ჰკითხა, რის გაკეთებას გეგმავს ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, მისი თქმით, დეზინფორმაციის ნაკადის აღსაკვეთათ.

დეპუტატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს შეკითხვებს, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში უსვამდნენ. ამის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნა პასუხებისთვის კვლავ, კობახიძემ დაიკავა.