საჭიროა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერება – სააკაშვილი | 06.02.2024

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში და შეთავაზებას პოლიტიკური პარტიებისთვის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით ეხმაურება. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ჩამოსაყალიბებელია პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. მისივე თქმით, საჭიროა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერებაც. სააკაშვილის აზრით, პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც დაადასტურა, რომ ივანიშვილის მმართველობა ბოლოსკენ მიდის.

“ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს. ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე და პრაქტიკულად ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს მათ თავდასხმებს.  პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ და ქართველი ხალხი სიღატაკისგან, უპერსპექტივობისგან და საბოლოო განადგურებისგან დავიხსნათ”, – მიხეილ სააკაშვილის განცხადება.