სალომე ზურაბიშვილის მწვავე კრიტიკა “ქართულ ოცნებას” – პრეზიდენტის ბოლო ანგარიში პარლამენტში | 06.02.2024

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი ამ დარბაზში ბოლოჯერ შევიდა. “ოცნება” პრეზიდენტს ფეხზე არც ამჯერად წამოუდგა.  ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს არ მიესალმნენ.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნა. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ტრიბუნიდან ზურაბიშივილმა თავის ბოლო საპრეზიდენტო მოხსენებაში ყურადღება  გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა.

სალომე ზურაბიშვილმა  ხელისუფლება გააკრიტიკა ანტიდასავლური რიტორიკისა და რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილების გამო. პრეზიდენტმა ილაპარაკა საქართველოში ერთპიროვნულ მმართველობაზე, კორუფციაზე და  ქვეყნის მშენებლობაში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და  საქართველოს მიმართ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე.

საპარლამენტო ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშივლის მიმართვის ბოლო ნაწილის მთავარი ადრესატი იყო პოლიტიკაში მესამედ მობრუნებული ბიძინა ივანიშვილი.  პრეზიდენტმა ასევე მომავალ პრემიერ, ირაკლი კობახიძესაც დაუსვა კითხვები.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან  ოპოზიციასაც მიმართა და მოუწოდა ერთმანეთთან დაპირისპირება  დაასრულონ.

ყოველწლიური მოხსენების დასასრულს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ  აპირებს ჩამოაყალიბოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ჩამოყალიბებას.

პრეზიდენტის მოხსენების პარალელურად, “ქართული ოცნების” დეპუტატთა ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. მიზეზი, სავარაუდოდ, ის კრიტიკული განცხადებები იყო, რომელიც სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან მმართველი გუნდის მისამართით  გააკეთა.