“ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა” – ეს შეფასება დაიმსახურეს „ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციონერი კოლეგებისგან, მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სხდომათა დარბაზში შესვლისას ფეხზე არ წამოუდგა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს ე.წ. „პოლიტიკური ჟესტი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება“ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს არ სცემს.
ოპონენტების კრიტიკას კრიტიკით უპასუხეს უმრავლესობის წევრებმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს ჩაცმულობა დაუწუნა და თქვა, რომ თუ რაიმე არ შეესებამება ეთიკურ ნორმებს, ეს სწორედ ელისაშვილის ჩაცმულობაა.
საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები დეპუტატებმა სხდომათა დარბაზშივე სიტყვით გამოსვლისას შეაფასეს. საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ზურაბიშვილის ანგარიში დადებითად შეაფასეს და თქვეს, რომ მის ძირითად ნაწილს იზიარებენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პრეზიდენტის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
დეპუტატების შეფასებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნა კიდევ ერთხელ, თუმცა, ამჯერად, მხოლოდ ერთი წუთით დაიკავა. სალომე ზურაბიშვილმა დასკვნით სიტყვაში მამუკა მდინარაძეს უპასუხა – იმსახურებდა თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.