დიდთოვლობა, ზვავი და მსხვერპლი მაღალმთიან აჭარაში | 06.02.2024

დიდთოვლობის შედეგად ზვავი და მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული პირი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა.  უწყების ინფორმაცით თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური ნალექით გამოწვეული მეწყრის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის დოლოგანი-ხულოს მონაკვეთზე.