გიორგი ონიანმა „ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება | 05.02.2024

გიორგი ონიანმა „ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი წლის წინ პარტიაში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელთანაც მისი თანამშრომლობა ბევრი მიზეზის გამო ვერ შედგა. ონიანი საარჩევნო პროცესში ნიკა გვარამიას გუნდთან ერთად ჩაერთვება. მისი თქმით, ივანიშვილის ჭაობიდან საქართველოს ამოყვანა სწორედ „ნიკა გვარამიას ახალი ადამიანების დიდ ჯგუფს“ შეუძლია.

“ვინაიდან ვთვლი, რომ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს და ბიძინა ივანიშვილი ანუ რუსული მმართველობა, კორუფცია, მაფიოზობა, თაღლითობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და ხალხის აბუჩად აგდება უნდა დასრულდეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები და პოლიტიკურ ასპარეზზე ბოლო პერიოდში გამოჩენილ ღირსეულ, ერუდირებულ და გამარჯვებაზე ორიენტირებულ ადამიანებთან ერთად გავაკეთო ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. დიახ ვფიქრობ ნიკა გვარამია და ახალი ადამიანების დიდი ჯგუფი, დიდი პოტენციალით,  ქვეყანას გამოიყვანს იმ ჭაობიდან რომელშიც 2012 წელს შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ყველა პროდასავლურ პარტიას ვუსურვებ წარმატებებს და ჯამურ გამარჯვებას 2024 არჩევნებზე”, – გიორგი ონიანის განცხადება.