5-დღიანი პატიმრობა ნატა ფერაძეს – დასაკავებლად მისულ პოლიციას აქტივისტი სახლში მომზადებული დახვდა | 02.02.2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ეს გადაწყვეტილება  სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის გამო მიიღო. ნატა ფერაძე სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. პოლიცია მის დასაკავებლად სახლში მივიდა. ნატა ფერაძე პოლიციას მომზადებული დახვდა.

ნატა ფერაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს რომელზეც, ასევე, სტალინიცაა გამოსახული ლურჯი საღებავი შეასხეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. “ხატის შეურაცხყოფის” გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც “ალტ-ინფოს” მოწოდებით შეიკრიბა. მას შემდეგ ნატა ფერაძის მიმართ ძალადობრივი ჯგუფების მუქარები არ წყდება.