კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს | 02.02.2024

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით 27 იანვარს , მას შემდეგ მიმართეს, რაც ხასაიასა და ჩიქობავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თსუ-ის პროფესორი აკაკი ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე სულ 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ 18 ადმინისტრაციული წესით დაიჭირეს, ორი – ხასაია და ჩიქობავა კი სისხლის სამართლის წესით. პროკურატურა მათ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.