სუს-მა „ალტ-ინფოს“ წევრის, პრორუსული მოწოდებებით ცნობილი ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა | 31.01.2024

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, პრორუსული, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი ბლოგერის ბექა ვარდოსანიძის სახლში  ჩხრეკა ჩაატარა. თავად ვარდოსანიძე  უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში მოწმის სახით იკითხებება.

სუს-ის ინფორმაციით, კონკრეტული პირის ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან. უწყების თანამშრომლებმა ჩხრეკის შედეგად  სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა ამოიღეს.

“ალტ-ინფოს“ წევრის, ბექა ვარდოსანიძის მხარდასაჭერად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, „ალტ-ინფოს“ წევრები მივიდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზურა მახარაძის თქმით, სუს-ის მიერ ბექა ვარდოსანიძის მიმართ ძიების დაწყება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. მახარაძე  ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაა.

სუს-ის განცხადებით, “დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე  ამ მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარ „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები”.

ვიდეობლოგერი და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ წევრი ბექა ვარდოსანიძე ცნობილია ანტილიბერალური, ანტიდასავლური, ანტივაქსერული და ჰომოფობიური გზავნილებით.