მმართველ გუნდში სერიოზული პრობლემებია – ოპოზიცია | 31.01.2024

ბიძინა ივანიშვილმა ხვალ პარტიის პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა წარუდგინოს. უკვე ცნობილია, რომ ოლიგარქმა არჩევანი ირაკლი კობახიძეზე შეაჩერა. ყრილობა 1-ელ თებერვალს, 2 საათზეა დაგეგმილი, სადაც „ქართული ოცნება“ ივანიშვილის გადაწყვეტილებით პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილისა და კობახიძისთვის ადგილების შეცვლას, შესაძლოა, პარტიაში სხვა ცვლილებებიც მოჰყვეს. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრს ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგენენ, ნიკოლოზ სამხარაძეს კი, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრად განიხილავენ.

ოპოზიციაში ფიქრობენ, ცვლილებები „ქართულ ოცნებაში“ ფასადურია, რადგან გადაწყვეტილებებს მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს. მათი თქმით, საკადრო წმენდა მმართველ გუნდში აჩვენებს, რომ „ოცნებაში“ სერიოზული პრობლემები არსებობს.

ოპოზიციის კრიტიკას დღეს უპასუხა კახა კალაძემ. თბილისის მერი ამბობს, რომ ოპონენტებისთვის სამთავრობო ცვლილებები ვითარებას უკეთესობისკენ არ ცვლის. მან თანაგუნდელების მსგავსად პრემიერობიდან გადაყენებულ ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა და მომავალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შეაქო.

საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის გარდა, სხვა კანდიდატურა არ განიხილება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ „ოცნება“ პრემიერად კობახიძეს აირჩევს, ეს ისტორიული მომენტი იქნება.

ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან უკვე მეორედ 29 იანვარს გაადააყენა. ოლიგარქმა გადაწყვეტილება პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებიდან ერთი თვის თავზე მიიღო. ამას წინ უძღოდა 2023 წლის 30 დეკემბერს „ოცნების“ ყრილობაზე ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენა. მაშინ არაფორმალურმა მმართველმა სიტყვით გამოსვლისას პარტიაში შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის რისკის ზრდაზე ისაუბრა.