ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა | 31.01.2024

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. მასპინძელი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ახალი დირექტორი ედრიენ კირალი იყო. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საუბარი შეეხო ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესს და მოახლოებულ არჩევნებს. მათი განცხადებით, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა „ქართული ოცნების” წარმომადგენელს მკაფიოდ უთხრა, რომ არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის მოსაწვევად დროულად უნდა დაიწყოს პროცედურების წარმოება.

შეხვედრაზე „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე წარმოადგენდა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრა იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი, მაგალითად „ლელო”, ხელოვნურად ეთიშება ევრორეკომენდაციებზე მსჯელობას, რათა პროცესი დაზიანდეს. თუმცა, ირკვევა, რომ მიქანაძეს ევროკომისიის დელეგაციამ ვენეციის კომისიის დასკვნები შეახსენა და მკაფიოდ მიუთითა რეკომენდაციების სწორად შესრულებისკენ.