ცვლილებები „ქართულ ოცნებაში“ — პოლიტიკაში მესამედ მოსვლიდან ერთი თვის თავზე ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილის კობახიძით და კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ უკვე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრემიერობა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პერიოდში დაიწყო, თუმცა ქვეყანას პირნათლად ემსახურა.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ გუნდისგან მიიღო შეთავაზება „ოცნების“ თავმჯდომარეობაზე. მისი თქმით, ამ ცვლილებებს პარტიის პოლიტსაბჭო 1-ელ თებერვალს უყრის კენჭს. ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს იმაზე თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი. მან მხოლოდ ის თქვა, რომ მომდევნო პრემიერს წარმატებას უსურვებს.
პრემიერობიდან უკვე მეორედ გადაყენების მიუხედავად, ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს. ირაკლი ღარიბაშვილმა თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა მის ოჯახსაც და თქვა, რომ ახლა მათთვის უფრო მეტი დრო ექნება.
1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების” ყრილობაზე მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი.
პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება, მთავრობა კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერის დანიშვნამდე განაგრძობს. „ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი ახალი მთავრობა პარლამენტმა 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამაც. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
„ქართული ოცნების” განახლებული წესდებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატის წარდგენა საპატიო თავმჯდომარეს შეუძლია. ეს თანამდებობა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა. ცნობებიც ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადაყენების შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ოლიგარქმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე 2021 წლის 22 თებერვალს დანიშნეს. ის მმართველმა პარტიამ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მას შემდეგ დაასახელა, რაც იმ დროინდელმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს. ის მე-9 მოწვევის პარლამენტში თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის 20 ივნისს თბილისში გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კი გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილეები მას პასუხისმგებლობას აკისრებდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის პარლამეტში გამართვის და გავრილოვის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავების გამო. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე 2021 წლის იანვარში, ივანიშვილის ამ პოსტიდან ბოლო წასვლის შემდეგ აირჩიეს.