თსუ-ს კანცელარია მე-4 დღეა ბლოკირებულია – სტუდენტები მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ საუბრობენ | 29.01.2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია უკვე მე-4 დღეა ბლოკირებულია. სტუდენტების ნაწილი კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები გაფიცვას და თსუ-ს ფუნქციონირების შეჩერებას აანონსებენ იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტი დაკავებულების გათავისუფლებას არ მოითხოვს და არ დაგმობს გამოსახლებების პროცესს.

სტუდენტებმა დღეს გავრცელებულ მიმართვაში მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებაც განაცხადეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კანცელარიიდან დაცვის სამსახური გაიყვანეს, რის გამოც ოთახში არსებულ დოკუმენტებზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრათ. სტუდენტები არც იმას გამორიცხავენ, რომ შენობა პოლიციის ძალით დაატოვებინონ.

სტუდენტების მოთხოვნებთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ტექსტში ნათქვამია, რომ მიმართვის შემთხვევაში პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ თსუ-ს მოწვეულ ლექტორს, აკაკი ჩიქობავას. კანცელარიის ოთახში მიმდინარე აქციის შესახებ განცხადება გააკეთა უნივერსიტეტის რექტორმაც. ჯაბა სამუშიამ თქვა, რომ სტუდენტების ქმედებები მიუღებელია.

თსუ-ის პროფესორი აკაკი ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე სულ 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 18 ადმინისტრაციული წესით დაიჭირეს, ორი – ხასაია და ჩიქობავა კი სისხლის სამართლის წესით. პროკურატურა მათ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ცნობილია ისიც, რომ ბრალდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართეს.