შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება, გათავისუფლდნენ კეკელიძეზე დაკავებულები – პროტესტი თსუ-ში | 26.01.2024

პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების ნაწილმა კანცელარიის ოთახი დაიკავა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უნდა შეწყდეს მოქალაქეების გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრისიდან და გათავისუფლდნენ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია. ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია, ხასაია კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.

პროტესტის მონაწილეები შეკრებილები არიან უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოშიც. ისინი რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრას ითხოვენ და უნივერსიტეტისგან გამოსახლების პროცესის შესახებ პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ.

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე საერთო ჯამში 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 18 ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი – ხასაია და ჩიქობავა კი სისხლის სამართლის წესით. პროკურატურა მათ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას, გუშინ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.