რა წერია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიშში | 26.01.2024

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებაა საუბარი. დოკუმენტში აღწერილია სამართალდამცველების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა. მათ შორის, საუბარია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევის დროს სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებზე.

7 და 8-9 მარტის აქციების დროს, გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები, რაც გამოიხატებოდა სპეციალური საშუალებების წინასწარი გაფრთხილებისა და ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა გასცენ წინასწარი გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს მისცენ დაშლისთვის საჭირო გონივრული დრო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საშუალებები გამოყენებული იყოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში. გასათვალისწინებელია, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლის თანახმად, მანიფესტაციის ცალკეული მონაწილის ან მონაწილეების მიერ შეუსაბამო ქცევის გამოვლენის შემთხვევებში, აქცია ავტომატურად არ იძენს ძალადობრივი შეკრების ხასიათს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავებმა გამიჯნონ აქციის მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები. სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა გატარებულიყო აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები”, – „ადამიანის უფლება ცენტრის“ ანგარიში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში მოხვდა ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და ლაზარე გრიგორიადისის საქმეები. ახალგაზრდა აქტივისტის შესახებ ორგანიზაცია წერს, რომ არსებობს კითხვები ლაზარეს სხვადასხვა ნიშნით მსხვერპლად შერჩევასთან დაკავშირებით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიურ ანგარიშში საუბარია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. ასევე, მიმოხილულია სტიქიური მოვლენებისას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული პრობლემები. დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს შემაშფოთებელი იყო მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები.