„საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება” — ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა POLITICO და წერს, რომ ზოგიერთი ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, ზოგი კი, მათ შორის, საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას. სტატიაში მიმოხილულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საჯარო მმართველობა გაიზარდა უკრაინასა და მოლდოვაში, „პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში” კი კლების ტენდენციაა. სტატიაში საქართველოს შესახებ პარტნიორობის წევრი ალექსანდრა საბუც საუბრობს.
„დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები სწავლობენ ერთმანეთისგან. და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არსებობს სწავლის მრუდი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ“. „საქართველომ ასევე განიცადა ჩაძირვა დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციაში, რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას“. „ძირითადად, ყველა სფეროში იყო შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი“, – POLITICO.
სტატიაში მიმოხილულია 2023 წლის მარტში „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების მცდელობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი, ალექსანდრა საბუ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკოსთან აცხადებს, რომ ეს იყო პუტინის სტილის კანონი. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველო სულ უფრო შორდება იმ გზას, რომლემაც ქვეყანა ევროპულ ოჯახში უნდა გააწევრიანოს.
„საქართველომ 2023 წლის მარტში სცადა პუტინის სტილის უცხოელი აგენტების კანონის დანერგვა, რასაც ქვეყნის შიგნით პროტესტი მოჰყვა. კანონი იყო „ერთგვარი ასლი რუსეთიდან, ზოგიერთი … ადგილობრივი ელემენტით, მაგრამ მსგავსება აშკარა იყო“. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნელ-ნელა შორდება, უკრაინა და მოლდოვა „სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომლებსაც ბრიუსელი მოელის მათგან გაწევრიანების გზაზე გასაგრძელებლად“. ევროკავშირმა შემდეგი ნაბიჯი გადადგა უკრაინასა და მოლდოვასთან და შეთანხმდა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე დეკემბერში ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ. საქართველოს ჯერჯერობით მხოლოდ კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული”, – POLITICO.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, საერთო ქულებით, საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, უკრაინა მეორეზე — 0.66 ქულით, საქართველო კი მესამეზე — 0.63 ქულით.