ხმაური ცესკოსა და პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზე | 23.01.2024

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის. მედიისთვის დახურულ ღონისძიებაზე, დაპირისპირება ცესკოში საჯარო მოხელეების ნათესავების ეგრეთწოდებულ ნეიტრალურ წევრებად დანიშვნასთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის შეკითხვებს მოჰყვა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობის ნაკლებობაზე საუბრობდნენ და ცესკოს ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ.

დაპირისპირების გამო შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელმა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცირკს დგამს და ამ გზით ხელს უწყობს ცესკოს, საკითხი წარმოაჩინოს ისე, თითქოს, ოპოზიციას ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა არ აინტერესებს.

ღონისძიება გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, კომისიამ ელექტრონული სისტემა, 2018 წლიდან დღემდე, 8-ჯერ გატესტა, რაც ზუსტად პასუხობს ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს სტანდარტს.